“კიდევ იტყვის ვინმე, რომ სასწაულები არ ხდება?” – მარიტა მეფარიშვილის უფროსი და, ნუცა, პატარა დასთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

2022 წლის13 ოქტომბერს ვაკის პარკში თამაშისას 13 წლის მოზარდებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, გამოსატანად შესულ ბავშვებს კი დენმა დაარტყა. ორი მათგანი მძიმედ დაშავდა, თუმცა ისინი ახლა თავს კარგად გრძნობენ; ერთ-ერთის, 13 წლის მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა. მოგვიანებით, თვითმხილველები იხსენებდნენ, რომ მარიტა მეფარიშვილი აუზში ბიჭების გადასარჩენად ჩავიდა. როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი ჰყვებოდა, როდესაც ბურთის ამოსატანად აუზში ჩასული პირველი ბიჭი დავარდა, ბავშვებს ხუმრობა ეგონათ, თუმცა პირველს მეორე მოჰყვა და მესამე მარიტა აღმოჩნდა, რომელსაც ბიჭების შველა უნდოდა. დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. 

მარიტა ჩოგბურთელი იყო. ის 2021 წელს ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდა. ამ დროისთვის, „ვაკის პარკში“ მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებული 9 პირიდან მხოლოდ ერთი, ელექტროშემდუღებელი ვალერი გობეჯიშვილი გამართლდა, დანარჩენ 8 პირს კი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ცოტა ხნის წინ მარიტას ოჯახთან დაკავშირებით სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა – მის მშობლებს გოგონა შეეძინათ. სოციალური ქსელის მომხმარებელი კონსტანტინე ხუნწარია წერს, რომ მარიტას მშობლებს მარიტას დაბადების შემდეგ, 13 წლის განმავლობაში, შვილი აღარ უჩნდებოდათ, ახლა კი მათ ცხოვრებაში სასწაული მოხდა:

“მარიტას მშობლებს მარიტას შემდეგ 13 წელი შვილი არ უჩნდებოდათ. მარიტას გარდაცვალების შემდეგ დედამისმა, ანა შოშიაშვილმა, სიზმარი ნახა, სადაც მარიტამ უთხრა, რომ ორსულად იყო და გოგო ეყოლებოდა. მართლაც ასე მოხდა და ბარბარობას პატარა ანგელოზი ტატა დაიბადა, რომელიც ნინოობას გაქრისტიანდა” – ვკითხულობთ სოციალურ ქსელში. 

პატარა ტატას ნათლობიდან კადრები საკუთარ გვერდზე მარიტას დედამ გამოაქვეყნა: 

“ტატა – ნუცას და მარიტას და… მადლობა ჩვენს მამებს, ტატას ნათლიებს, ილია მეორეს, მამა შალვას, მამა საბას ასეთი სიყვარულისთვის. მადლობა მამა გრიგოლ ხუნწარიას ტატას გაქრისტიანებისთვის” – დაწერა ანა შოშიაშვილმა. 

ვიდეო პატარა ტატასთან ერთად მარიტას უფროსმა დამ, ნუცამაც გამოაქვეყნა: