ქვეყანაში მიმდინარე აქციების ფონზე, პერიოდულად მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ, პროტესტის ნიშნად სატელევიზიო არხებს ჟურნალისტები ან საკუთარი ნებით ტოვებენ, ან განსხვავებული აზრის გამო, სამსახურიდან ათავისუფლებენ. შეგახსენებთ, “პოსტვის” წამყვანის ანი ამილახვარი განცხადებას, რომელშიც წერდა, რომ განსხვავებული აზრის გამო, ტელევიზია დაატოვებინეს.
ასევე გააჩერეს გადაცემა, რომლის წამყვანიც ირმა სოხაძე გახლდათ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამის მიზეზიც სოხაძის განსხვავებული პოზიცია გახდა, თუმცა მან ეს უარყო.
5 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია “იმედი“ რამდენიმე თანამშრომელმა დატოვა. როგორც სხვადასხვა მედია წერდა, არხიდან წასულთა შორის იყვნენ ძირითადად გასართობი გადაცემების წამყვანები, მათ შორის “იმედის დილისა“ და “პრაიმშოუს“.
სიაში მოხვდნენ დილის გადაცემის წამყვანები – ეკა ამირეჯიბი, ზურა ბალანჩივაძე და ნათია ორველაშვილი. რაც შეეხება “პრაიმშოუს“ – ნინი ბადურაშვილი და სალომე ღვინიაშვილი.
ნოე სულაბერიძე:
– არ დაშლილა “პრაიმშოუ”, მაგას თუ მეკითხებით, არავინ არ წასულა.
– არ წასულან გადაცემიდან სალომე ღვინიაშვილი და ნინი ბადურაშვილი?
– არ დაშლილა მაგას ნიშნავს, რომ არავინ არ წასულა.
ის, რომ გადაცემა და ტელეკომპანია “იმედი“ არ დაუტოვებია, ნინი ბადურაშვილმაც დაგვიდასტურა. ჩვენს შორის ასეთი დიალოგი შედგა.
ნინი ბადურაშვილი:
– არაფერი არ მკითხოთ…
– პოლიტიკაზე არაფერს გეკითხებით. არ წამოსულხართ “პრაიმშოუდან“?
– არა, არა, მშვიდობაა, ყველაფერი კარგად არის.