“არ იყოთ ჩამოჩაჩული, თავი ფორმაში მოიყვანეთ, თითქოს სადმე მიდიხართ…” – რჩევები ლეგენდარული 78 წლის კირა ანდრონიკაშვილისგან

78 წლის კირა ანდრონიკაშვილი საინტერესო რჩევებს გვაძლევს. იმისთვის, რომ სიბერე გვიან მოვიდეს, საჭიროა თავზე ვიმუშაოთ. აი, რა უთხრა არტისტმა “პრაიმტაიმის” მკითხველს.

კირა ანდრონიკაშვილი: უსმინეთ მუსიკას, განწყობისთვის. საქმის, სადილის მზადების დროს, ჩაცმის დროს და ყველაფერი უკეთ გამოგივათ.

თუ რაიმე გიჭირთ, რა ცუდად ვარო კი არ უნდა თქვათ და დანაღვლიანდეთ, ამით უფრო გააძლიერებთ ამ ტკივილს. წარმოთქვით ეს ლოცვა – უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. არ არის საჭირო იდგე ხატებთან. ამ ლოცვას ამბობთ ყველგან, ქუჩაში სიარულის დროსაც…

აფრქვიეთ პოზიტივი. ქუჩაში მიმავალ ადამიანებს გაუღიმეთ. ეს სიგიჟე არ არის. გზაში, ვიღაც უცხო ბიჭზე გამიფიქრებია, კეთილად მიდი შინ, შვილო-მეთქი.

უნდა იფიქრო, რომ სხვა შენზე უარესად არის, მეტად უჭირს. ყველაფერში კარგი უნდა დაინახო.

არ ვარ კონფლიქტური. გავატარებ ხოლმე. არ ვბრაზდები. ეს მოქმედებს გარეგნობაზე.

შვილს ვახლდი ვარძიაში, 80-იანი წლები იყო. ფერისცვალება იყო, მაშინ არ ფუნქციონირებდა ტაძარი. მივედი თამარ მეფის ფრესკასთან, სანთელი ავანთე და ხილი მივიტანე, დავდე…

ერთ დღეს ტაძრები მომივლია – ავლაბრის ფერისცვალების ეკლესია, მეტეხი, სიონი, ქაშვეთი და კიდევ სხვები და ნაკურთხი წყალი წამომიღია. მარტოს. უამხანაგოდ. რად გინდა ამხანაგი? რომ არ მოიწყინო? არ არის ამ დროს გვერდით ვინმე საჭირო. მარტომ დაიარეთ ცხრა ტაძარი. მადლი გადმოდის…

დაათვალიერეთ ძველი ფოტოები, ზღვის, მთის. მოგიტანთ დადებით ემოციებს. დგებით კარგ განწყობაზე.

უფროსებთან მიყვარდა სულ ურთიერთობა. ჩემი მამიდების – ნატას და კირას მეგობრებთან დავდიოდი. ეს კონტაქტები ბევრს მაძლევდა.

ხმაურიანი შეკრებები არ მიყვარდა. ზღვაზეც შემოდგომაზე მივდიოდი, რომ ცოტა ხალხი ყოფილიყო. ჩემი თაობის დროს, თემიკო ჩირგაძის თამადობა იყო მაგარი სპექტაკლის ნახვის ტოლფასი. არც დაიღლებოდი. როცა სუფრასთან არც მღერიან, არც ხუმრობენ და მხოლოდ უსაგნო ან ნეგატიური საუბარია, ვიწყენ და მირჩევნია იქ არ ვიყო.

არ იყოთ ჩამოჩაჩული. თავი ფორმაში მოიყვანეთ, თითქოს სადმე მიდიხართ. პანდემიის დროს, ჩემს დაბადების დღეზე მოვიდა შვილიშვილი, კარებში საჩუქარი უნდა მოეცა. ჩავიცვი წითელი კაბა, ფეხსაცმელი, საყურე გავიკეთე. მოვიდა შვილიშვილი, გავუღე კარი, ვინმე გყავსო? არა-მეთქი, სადმე მიდიხარო? გაუკვირდა ასე გამოწყობილი რომ დავხვდი. ასე უნდა გამოიკეთოთ ხასიათი. გარედან ვერ უნდა შეამჩნიოს სხვამ, რამდენი განსაცდელი გაქვს.

სხვას არ უნდა გადასდოთ თქვენი ცუდი განწყობა, არ მიატიროთ, პრობლემებით არ დაამძიმოთ.

ჩემს დაბადების დღეზე, ანტონ მარტყოფელის სახელობის ტაძარში მივედი, თითქოს, განგებ არავინ იყო, მესანთლის გარდა. სიჩუმე იდგა. რომ ვლოცულობდი, თითქოს ხატები მისმენდნენ. უფალო, მადლობა, რომ გამაჩინე და მადლობა, რომ ბევრჯერ გადამარჩინე-მეთქი, ვუთხარი. და… ისე კარგად გავხდი…

მადლიერება და სინანული ყოველდღე უნდა გამოხატოთ.

ამავე თემაზე:

სხვა ახალი ამბები:

Leave a Comment

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *