“საავადმყოფოში მისულმა შემზარავი სურათი ვიხილე, ზიარებაზე არ იყო საუბარი, რადგან ბავშვი უგონოდ იყო…“ – დეკანოზი ანდრია სასწაულის შესახებ

ვრცელდება დეკანოზ ანდრია კემულარიას ქადაგება არქივიდან.

“90-იან წლებში ერთ კვირა დღეს წირვის შემდეგ მრევლის წევრმა მთხოვა გავყოლოდი საავადმყოფოში. ნათესავის შვილი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, ექიმები ვერ შველოდნენ და ფაქტობრივად მიცვალება გარდაუვალი იყო. ზიარებაზე არ იყო საუბარი, რადგან ბავშვი უგონოდ იყო. საავადმყოფოში მისულმა შემზარავი სურათი ვიხილე. დიდი და გრილი ოთახის შუაში იდგა საკაცე. ურეაქციო, საბანგადაფარებული ბავშვი, ირგვლივ სისხლგამშრალი ავისმომლოდინე ოჯახის წევრები და ნათესავები. შესვლამდე გავიგე, რომ თანდათან ილეოდა და დახმარების შესაძლებლობა ამოწურულიყო. ლოცვის მერე მოვინდომე, კოვზით ნაკურთხი წყალი მიმეცა. ჩემდა გასაკვირად, ბავშვმა ოდნავ გაახილა თვალი და დალია. იმის იმედით, იქნებ ზიარებაც შემძლებოდა, გავიქეცი ტაძარში წმინდა ძღვენისთვის. მეშინოდა, რომ ვერ ვაზიარებდი, რადგან თითქმის უგონოდ მყოფისთვის მკვრივი ნაწილის მიცემა სარისკოა. ჩემდა გასაკვირად ოდნავ გააღო პირი და მიიღო. ტკივილნარევი სიხარულით დავბრუნდი ტაძარში.

ამ ამბის მერე წელიწადზე მეტი გავიდა. ერთ დღეს იმავე ადამიანს მოჰყავს ბავშვი და მეკითხება, ვიცანი თუ არა. რა თქმა უნდა ვერ ვიცნობდი. ექიმებთან ერთად მეც დარწმუნებული ვიყავი, რომ ვერ გადარჩებოდა და კითხვაც მიმძიმდა. ჩემ წინ კი საღსალამათი ბავშვი იდგა.

ასეთი ამბების მოყოლა ყველა მღვდელს შეუძლია. ჩვენ არ ვეზიარებით იმის მოლოდინით, რომ სასწაულებრივად განვიკურნებით ან მყისიერად მოგვეხსნება რაიმე ბრძოლა, მაგრამ ჩვენდა სანუგეშოდ და განსამტკიცებლად უფალი დაუშვებს ხოლმე ზოგჯერ მსგავს სასწაულებს, რათა არ გვძლიოს სულმოკლეობამ, მცირედმორწმუნეობამ, რათა გავაცნობიეროთ, ვის და რას ვეზიარებით“

Leave a Comment

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *