„ჩემი ძმა სულ იგებდა, მე ვაგებდი ბევრ შეჯიბრს, სახლში ხუმრობით მეუბნებოდნენ, რა გაჭიდავებს, წადი, ვიოლინოზე ჩაეწერეო…“ – ილია თოფურიას გზა წარმატებამდე

UFC-ის ჩემპიონობამ ილია თოფურია საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოაქცია. როგორ მივიდა ის ამ ბრწყინვალე გამარჯვებამდე და როგორია მისი ხედვა მარცხსა თუ წარმატებაზე – ამის შესახებ მან გამარჯვებამდე რამდენიმე თვით ადრე სეტანტა სპორტის ეთერში ისაუბრა.

„წარმატების ყველაზე დიდი მიზეზი არის შრომა, შრომის გარეშე წარმატება უნდა დაივიწყო ადამიანმა, არ არსებობს. ყველაფერი გვერდზე უნდა გადადო, თუ წარმატების მიღწევა გინდა, სულ ყველაფერი… დილით რომ შევდიოდით დარბაზში, ღამით გამოვდიოდით. პირველები ვიყავით, ვინც შედიოდა და ბოლოები გამოვდიოდით. ცნობილი გამოთქმაა, მნიშვნელობა არ აქვს, როგორი დარტყმის მიყენება შეგიძლია, მთავარია, როგორ იღებ დარყმას. ყველანი ვაგებთ ცხოვრებაში. ჩვეულებრივი, ბუნებრივი მომენტია წაგება. ამაში ხომ ცუდი არაფერი არ არის. ადამიანი რამეს შეეცადო და დამარცხდე, ამაში ცუდი არაფერია. ბევრი ამბობს, „რომ შემეშალოს“, „რომ წავაგო“… წინასწარ არასდროს ვფიქრობ იმაზე, რაც არ მომხდარა. ყოველთვის ვცდილობ, პოზიტიურად ვიფიქრო. თუ ცუდი მოსახდენია, ისედაც მოხდება.

ყველაფერი ძალიან სწრაფად მინდოდა, სანამ მივხვდი, რომ ნელი და მოკლე ნაბიჯები იყო ყველაზე სრაფი გზა მიზნის მისაღწევად. რაც არ უნდა მოხდეს შენს ცხოვრებაში, ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი. უბრალოდ, დრო გჭირდება, რომ მიხვდე, რის გამო გადაგხდა ეს ყველაფერი. 

ბავშვობიდან არასდროს არ გამოვირჩეოდი სპორტში განსაკუთრებული ნიჭით. სახლში ხუმრობით მეუბნებოდნენ, რა გაჭიდავებს, წადი, ვიოლინოზე ჩაეწერეო… ჩემი ძმა იგებდა ყოველთვის და შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ძმა იყო ყოველთვის ჩემი მოტივაცია. ის ყოველთვის იგებდა, მე ვაგებდი. იმის პოზიციაში ყოფნა მინდოდა, რადგან გინდა თუ არ გინდა, ყველას გამარჯვებული უყვარს ყოველთვის. ეს ცხოვრების წესია. როცა სახლში ბრუნდებოდა, ყველა ულოცავდა, ეხვეოდა. მე ვაგებდი ბევრ შეჯიბრს, მაგრამ, როგორც ვთქვი, რაც არ უნდა ცუდი გადაგხდეს ცხოვრებაში, ყველაფერს რაღაცისთვის ხდება.“ – ამბობს ილია თოფურია.

სხვა ახალი ამბები:

Leave a Comment

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *